თანდაყოლილია თუ არა ცოდვა
ყველას გვსურს ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ, საკითხავია, თავად რას ვაკეთებთ ამის მისაღწევად? მოდუნებულად ვცხოვრობთ, დილისა და საღამოს ლოცვებსაც კი გულის გარეთ ვკითხულობთ და ამ დროს სრულებით ვეღარ ვაცნობიერებთ ჩვენს დამღუპველ მდგომარეობას. აუცილებელია, გავაცნობიეროთ ლოცვის შინაარსი, მისი აზრი და მაშინ ჩვენი ცოდვილობის შემეცნებასაც ვპოვებთ და ღვთის გულმოწყალებასაც ჩავწვდებით. ეს ლოცვები განსაზღვრავენ მთელ ჩვენს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ისინი მიგვითითებენ, თუ როგორ ვიცხოვროთ, რა ვაკეთოთ და რას განვეშოროთ.
დილისა და საღამოს ლოცვებში ჩვენ უფლის წინაშე წარვსდგებით და საკუთარ თავს ჩავუკვირდებით. ეს ლოცვები, უწინარეს ყოვლისა, ჩვენივე თავს დაგვანახებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მცირეოდენი ლოცვებიც კი, რაც დღის განმავლობაში უნდა აღვასრულოთ, ღვთაებრივი ნათლით იყოს განათლებული.
ჩვენში მცხოვრები ცოდვა გვაბნელებს და გვაიძულებს, საკუთარი თავის წინაშე თავი ვიმართლოთ. თავის მართლებას კი ეშმაკი გვთავაზობს, სანამ ჩვენში სინდისი არ გაიღვიძებს, რომელიც არა მარტო ცალკეული ცოდვების მიმართ არის მგრძნობიარე, არამედ ჩვენი ცოდვილობას ყოველგვარი თავისმართლების გარეშე შეგვამეცნებს. ჩვენ ჩვენი ცოდვით ყველგან განხეთქილება შეგვაქვს. ცოდვებისათვის ყოველგვარი თავის მართლება - ჩვენი ცხონების მტერია. მხოლოდ და მხოლოდ ცოდვისგან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის გაცნობიერება და შეგნება გამოაწრთობს ჩვენს ნებისყოფას ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ „წვრილ-წვრილ“ ცოდვებს მანამ, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს გვართმევს ბედნიერებას. ჩვენ ცოდვა საკუთარი ბუნება გვგონია. „მე, ასეთი და ასეთი ვარ, და სხვანაირი ვერ ვიქნები“ ან „ასეთი ხასიათი მაქვს“, - ვამბობთ ხშირად, მაგრამ ხასიათი ხომ სულაც არ არის ისეთი რამ, რისი გამოსწორებაც არ შეიძლება.
მაშინ, როცა გადაწყვეტთ, ცოდვას შეეწინააღმდეგოთ, უნდა გახსოვდეთ, რომ იგი არ არის ჩვენი თანდაყოლილი რამ, არამედ მხოლოდ მოგვიანებით მოგვეტმასნა. ჩვენი პირველი მშობლები ცოდვის გარეშე შეიქმნენ. ცოდვა მხოლოდ შემდეგ შემოვიდა ჩვენს ბუნებაში, შემოგვიძვრა და სულისთვის მშობლიურ, უცოდველ მდგომარეობას დაუპირისპირდა, ხოლო სულის თავდაპირველი მდგომარეობა უცოდველი იმიტომაა, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. ცოდვა ტყვედ გვიგდებს, შემოდის ჩვენს ბუნებრივ შემადგენლობაში როგორც უცხო საწყისი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ცოდვასთან შერწყმული ხდება. გაცნობიერება იმისა, რომ ცოდვა ადამიანის შემადგენელი ნაწილი არაა, მეტად აუცილებელია ჩვენთვის, ვინაიდან ეს ფაქტორი ცოდვასთან ბრძოლაში გვეხმარება. უფლის მიერ გონების განათება და ჩვენი ცოდვილობის გაცნობიერება, უწინარეს ყოვლისა, ჩვენივე ნებასთან არის დაკავშირებული, ცოდვა იმდენად სახლდება ადამიანის ნებაში, რამდენადაც ნება ეძლევა და ამიტომ „ნებისყოფის სისუსტეც“ ეშმაკისგან მომდინარეობს.
ყოველ ჩვენგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: მაგრამ თუ ჩემი ნება ცოდვასთანაა შეზავებული, მაშ, ჩემი ნებით როგორ შევებრძოლები საკუთარ თავს, ანუ ცოდვასთან შერწყმული ნება თავის თავს ხომ ვერ დაუპირისპირდება? იმისათვის, რომ ნებისყოფა ცოდვის წინააღმდეგ მივმართოთ, აუცილებელია ისევ და ისევ გავაცნობიეროთ, რომ ცოდვა ჩვენი არსების, ჩვენი ნების ნაწილი არ არის. ეს ცოდნა განგვიმტკიცებს ნებას ცოდვასთან დაპირისპირებისას.
ცოდვილი და სულიერად სწორი ცხოვრება - ორივე მათგანი ადამიანის შიგნით, მის სულში მიმდინარეობს, ცხოვრებისეული გარემო არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს. უკვე ითქვა, რომ ცოდვა არის განმყოფი, გამაცალკევებელი ძალა. მაგალითად, ადამიანებმა ერთმანეთს აწყენინეს, შეურაცხყვეს და განაწყენებულნი ერთმანეთს დაშორდნენ. ეს უბედურებაა, საიდანაც ჩანს, რომ ცოდვა მართლაც ყოფს და გაყოფის შემდეგ უკვე ბატონობს მათზე. ადამიანი ბედნიერებისათვის არის მოწოდებული და უნდა ისწავლოს თავისი ბედნიერებისათვის ბრძოლა უბედურების, ანუ ცოდვის წინააღმდეგ იმ გარემოში, რომელიც განსაკუთრებით ახლობელია მისთვის.
წმიდა ნიკოდიმოს ათონელი
„მსუბუქი“ ცოდვები
ვიფიქროთ ცოდვებზე, ზოგიერთები მსუბუქს რომ უწოდებენ, რომლებიც, მართალია, მომაკვდინებელი არაა, მაგრამ მაინც დიდი სიმძიმე აქვს და რომელშიც ჩვენ ნებისყოფის ნაკლებობის და სისუსტის გამო ვვარდებით: ცოდვა, რომელიც მსუბუქად გვეჩვენება, ასეთი არაა არც თავისთავად, არც მომაკვდინებელ ცოდვასთან შედარებით. მაგალითად, რომელიმე ტბას მცირე მაშინ ეწოდება, როდესაც მას დიდ ზღვას ვადარებთ, თუმცა სინამდვილეში იგი პატარა სულაც არაა, რადგან ბევრ წყალს შეიცავს. ასევე მცირე ცოდვა მხოლოდ მომაკვდინებელთან შედარებით გვეჩვენება მცირედ, თავისთავად აღებული, იგი დიდი ბოროტებაა. იმიტომ, რომ ცოდვა მცირეც და დიდიც - ერთი წყაროდან იღებს სათავეს - საღვთო კანონის დარღვევიდან, როგორც იოანე მახარებელი ბრძანებს: „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაი, მან უსჯულოებაიცა ქმნეს და ცოდვაი იგი არს უსჯულოებაი“ (1 იოანე 3, 4). იაკობ მოციქული კი ბრძანებს, რომ „რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ“ (იაკ. 2, 10).
ასე რომ, საყვარელნო, როგორ შეგვიძლია, მცირე ვუწოდოთ ჩვენს ჩვეულებრივ ცოდვებს, მაგალითად, სიცრუეს, ანდა იმას, როდესაც ვამბობთ: „ავირჩიოთ პატარა ბოროტება, რათა დიდი არ მოხდეს“. მრისხენება, საეკლესიო სათნოებების შესუსტება, შური, მწუხარება, რომელსაც ვგრძნობთ მაშინ, როდესაც ჩვენი მოყვასი წარმატებას აღწევს. ამაოდმეტყველება, დაუფიქრებელი საუბარი, ნაყროვანება, გემოთმოყვარება და სხვა მსგავსი?! როგორ შეიძლება ცოდვა იყოს მცირე, როდესაც ის დიდი ბოროტებისაკენ გვიბიძგებს?!
ნუ ჩავთვლით, რომ ეს ცოდვები, რომლებიც მცირედ გვეჩვენება, ღვთისთვის საძაგელი არ არის და ღვთის სასუფევლის დიდებას არ დაგვაშორებს. ჩვენ ვცდებით (ხიბლში ვართ), თუ ვთვლით, რომ რაღაც გავრცელებული ცოდვა, როგორიცაა, მაგალითად, ამაოდმეტყველება, ღვთის თვალში ბოროტება არ არის. უფალმა ხომ ძალიან ნათლად თქვა მის შესახებ: „ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ სიტყუაი უქმი, რომელა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა“ (მათე 12, 36).
როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთისათვის საძაგელი არაა ღორმუცელობა, მემთვრალეობა და სიცრუე, როდესაც თვით უფალმა ბრძანა, რომ იგი დაღუპავს „ყოველთა, რომელი იტყვიან სიცრუვესა“ (ფს. 5, 6) და რომ მოსწყურდებათ გამაძღართ: „ვაი თქუენდა გამაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის“ (ლუკა 6, 25). და აი, სახე იმისა, როგორ აზიანებენ მცირე ცოდვები სათნოებას და ამცირებენ ჩვენში ღვთაებრივ მადლს: თუ ბუზი ჩავარდება სურნელოვან მირონში, მაგრამ მას მალე ამოიყვანენ იქიდან, მირონის კეთილსურნელება არ დაზიანდება, ხოლო თუ ბუზი მასში დარჩება, მაშინ სურნელება სიმყრალედ გადაიქცევა, როგორც სულიწმიდამ ბრძანა ეკლესიატეს პირით: „შხამიანი ბუზები აფუჭებენ და ალპობენ სურნელოვან ზეთს“ (ეკლ. 10, 1).
ასევეა მცირე ცოდვებიც - როდესაც სათნო და ღვთისმოშიში სული მათგან არ იწმინდება, მაშინ ისინი მას უდიდეს ზიანს აყენებენ, რადგან, თუკი დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან მასში, მაშინ სული მისკენ მიიდრეკს თავის ნებას; ასეთ შემთხვევაში კი მას განეშორება სათნოების სიწმინდე და ღვთაებრივი მადლის კეთილსურნელება, ასეთი სულისათვის კი სრულყოფილების მიღწევა ძალიან ძნელი ხდება. ასეთი ცოდვები აბინძურებენ სულს და ღვთის წინაშე საძაგელს ხდიან მას, რამეთუ თუკი თუნდაც ერთი ბოროტი ზრახვა ღვთის თვალში საძაგელი და საზიზღარია, როგორც სოლომონი ბრძანებს: „უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია“ (იგავნი 15, 26); და მარტოდენ აზრები, როდესაც ისინი მზაკვრულია, სულს უფლისაგან განაშორებენ („არასწორი სიბრძნე ღმერთს განაშორებს“ (სიბრძნ. 1, 3)), მაშ, რამდენად შორდება ღვთაბრივ სიყვარულს და მისი განუსაზღვრელი მადლისათვის საძაგელი ხდება ის ცოდვილი სული, რომელიც საქმით აღასრულებს ამ „მცირე“ ცოდვებს?
ჩვენ აუცილებლად უნდა ავარიდოთ თავი ცოდვებს, რადგან თუ მოვინდომებთ, რომ ღმერთსაც სათნო ვეყოთ და არც „მცირე“ ცოდვების მიტოვება გვსურს, მაშ, რა უნდა იყოს უფრო მეტად საძულველი ღვთისთვის, თუ არა ის, როდესაც გვსურს, ზედა ჯოჯოხეთთან შევაერთოთ, სიბნელე - ნათელთან, ცეცხლი - წყალთან და სიწმინდე - ბოროტებასთან? მართალია, ეს ცოდვები „მცირედ“ გვეჩვენება, მაგრამ მათ უდიდესი სიმძიმე აქვთ, რამეთუ წმიდა ღმერთს განარისხებენ. ასევე, უდიდესი ბოროტება, რომელიც, შეიძლება ქმნილების მიმართ იყოს ჩადენილი, არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემოქმედის მიმართ არის ჩადენილი. შეგვრცხვეს იმ სიმსუბუქისა, რომლითაც ღვთისთვის არასათნო საქციელს ჩავდივართ. აღვასრულოთ ღვთის ყველა მცნება და გადავწყვიტოთ, რომ არათუ აღარ ჩავიდინოთ ეს მცირე ცოდვები, არამედ სრულიად აღარ დავუშვათ, რომ ჩვენი გული მათკენ მიიდრიკოს. თუ მცირე ცოდვებში ბუნებისა და ნებისყოფის უძლურების გამო ჩავვარდებით, ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი გული გაერთოს ამით, არამედ შევიძულოთ ისინი, შევინანოთ, ვაღიაროთ და შევთხოვოთ უფალს, რომ მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რათა კვლავ ამ ცოდვებს არ დავუბრუნდეთ.
ვიფიქროთ, აგრეთვე, იმ მრავალრიცხოვან ბოროტებაზე, რომელიც ჩვენი სულისათვის „მცირე“ ცოდვებს მოაქვს. როგორც ავადმყოფობა ასუსტებს ჩვენს სულს, ასევე პატარა ცოდვები განაშორებენ მას ყოველგვარ სიკეთეს და ასუსტებენ, როდესაც სპობენ სათნოებას, რომელსაც ადამიანისათვის კეთილსურნელოვანი სიწმინდე მოაქვს. თითოეული ცოდვა მსუბუქად კი გვეჩვენება, მაგრამ განგვაშორებს სულიერი ცხოვრების ნაყოფს, წმიდა საიდუმლოებებიდან შორს განგვაყენებენ და ხელს უშლიან უფალ იესო ქრისტესთან ჩვენს ერთობას, როგორც ილია წინასწარმეტყველი ბრძანებს: „მხოლოდ თქვენი უკეთურობანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის“ (ესაია 59, 2). ეს მცირე, მისატევებელი ცოდვა ჩვენს სულში სიყვარულს აციებს, კლავს სათნოებას, აშრობს ლმობიერების ცრემლებს, აქრობს სინანულს და ხელს უშლის ჩვენში ქრისტეს მადლის დამკვიდრებას. მაგრამ უფრო დიდი ბოროტებაა, როდესაც მცირე ცოდვებიდან ადვილად გადავდივართ მძიმე, მომაკვდინებელ ცოდვებზე, რომლებიც სრულიად ღუპავენ საბრალო ადამიანს. ეს ცოდვები აუძლურებენ სულის კეთილ მისწრაფებებს, ხელს უშლიან ღვთის შეწევნას.
ახლა შევხედოთ, როგორ გადავდივართ მცირე ცოდვებიდან დიდზე. ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენება, როდესაც გაუფრთხილებლად ვათვალიერებთ მშვენიერ სახეს, მაგრამ მოდით, დავაკვირდეთ, თუ რომელ ცოდვებთან მიგვიყვანს ეს. სილამაზის თვალიერება საშუალებას აძლევს უწმინდურ ფიქრებს სრულიად მოგვიცვან, ისინი ჩვენს აზრებს იპყრობენ, შემდეგ უკვე იმის მისწრაფებაც გვიჩნდება, რომ მივწვდეთ ტკბობას, შემდეგ ცოდვის საქმით აღსრულებას ვიწყებთ, რამდენიმეგზის გამეორება ცოდვას ჩვევაში გადაზრდის, ჩვევა ჩვეულებაში გადადის და ბოლოს აუცილებლობად ყალიბდება. ასეთი მდგომარეობა სასოწარკვეთილებას ბადებს, რასაც მარადიული სიკვდილი მოაქვს. უფალმა ნაზარევლებს დაუდგინა, რომ არა მარტო ღვინო არ დაელიათ, არამედ, შემოუსვლელი ყურძნის ნაყოფი არ მიეღოთ და მისი წვენი არ ესვათ. ეს იმიტომ, რომ ვინც შემოუსვლელ ყურძენს შეჭამს, მერე შემოსულსაც გაუსინჯავს გემოს, აქედან წვენზე გადავა, წვენიდან - ღვინოზე, ღვინიდან - ლოთობაზე. ეხლა ჩვენ ვხედავთ, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს შეცოდებათა გრძელმა ჯაჭვმა, რომელიც „მცირე“ ცოდვიდან იწყება. ის, ვინც მცირე შეცოდებებს ყურადღებას არ აქცევს, დიდ ცოდვაში ვარდება. როგორც ამას „სიბრძნე ზირაქისა“ გვეუბნება: „მცირედთა არადჩამგდები თანდათან დაკნინდება“ (ზირ. 19, 1). და ბოლოს, წმიდა ოქროპირი ამბობს, რომ თუმცა თესლი მცირეა, მისგან დიდი ხეები ამოიზრდება. ასევე მელიებიც: - თუმცა პატარა მხეცები არიან, მაგრამ მთელი ვენახის დაღუპვა შეუძლიათ. მცირე ცოდვები ხომ მელიების მსგავსად ანადგურებენ სათნოებათა ყლორტებს. შედეგად ადამიანი თანდათანობით ირყვნება და ბოლოს უდიდეს ცოდვებში ვარდება.
ცოდვასა და სინანულზე
ჩვეულებრივ, მიიჩნევენ, რომ სინანულის დრო, როცა ქრისტიანმა თავის ცოდვებზე უნდა იფიქროს, არის მარხვა. მაგრამ ამ თემაზე დაფიქრება და, საერთოდ, ამ პრობლემის გაცნობიერება ყოველი ადამიანისათვის ყოველთვის აუცილებელია, მით უმეტეს, რომ ცოდვის გაგება, პრაქტიკულად, ამოიშალა მე-20 საუკუნის ადამიანის ცნობიერებიდან. ეს არცოდნა ადამიანს ძლიერ აბნევს და ხშირად არასწორ გზაზე აყენებს, რადგან სამოცდაათწლიან ბოლშევიკურ მონობას არა მარტო ტაძრების ნგრევა და სასულიერო პირთა ფიზიკური განადგურება მოჰყვა, არამედ საუკუნის წინ ადამიანისათვის სრულიად გასაგები მრავალი ცნების მივიწყებაც. ჩვენ გვმართებს, არაერთხელ მივუბრუნდეთ ამ საკითხს თუნდაც იმიტომ, რომ მის შესახებ თანამედროვე ლიტერატურა მწირია, ძველი წიგნების რთული ენა კი ბევრისთვის გაუგებარი, რაც ხელს უშლის პრობლემაში ღრმად წვდომას.
ცოდვაში, როგორც წესი, მოიაზრებენ ცუდ საქციელს. სინამდვილეში კი ცუდი საქციელი მხოლოდ ცოდვის შედეგია. ანუ თავდაპირველად ადამიანი ეცემა ცოდვით, ცოდვა კი შობს ცუდ საქციელს. თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში ცოდვა და მისი შედეგი აღრეულია, რაც პრობლემის ღრმად გააზრებას აძნელებს. ამის გამო, ბევრ თანამედროვე ადამიანს ერთგვარი ფსიქოლოგიური პრობლემა უჩნდება, რომლის გამოძახილიცაა ასეთი მიდგომა: თუ ადამიანი კარგია, კეთილსინდისიერად შრომობს, კარგი მეოჯახეა, არაა ძუნწი, ცდილობს, ოჯახს არაფერი დააკლოს, მაგრამ ეკლესიაში არ დადის, არ ლოცულობს, რადგან ასე აღზარდეს, განა ასეთ კარგ, კეთილზნეობრივ, არა ძუნწ და უწყინარ ადამიანს უფალი არ მიიღებს? თუ ღმერთი ასეთ ადამიანებს არ შეიწყნარებს, მაშინ რაღა ვთქვათ სხვებზე, ვინც მრავალ უგუნურებას ჩადის?
Send me an e-mail